Menu Close

როგორ ვიწყებთ მასივების (Arrays) შესწავლას?

ჩვენი კურსის მე-8 მოდული მასივების (Arrays) შესწავლას ეთმობა.

მასივი პროგრამირებაში არის სივრცე, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შესანახად გამოიყენება. წარმოიდგინეთ ნებისმიერი სია, მაგალითად, საყიდლებზე წასვლის წინ რომ ჩამოწერთ ხოლმე. ან, სატვირთო მატარებელი, რომელსაც კონტეინერებით ტვირთი გადააქვს. ან კომოდი, რომელშიც სხვადასხვა საოჯახო ნივთს ან ტანსაცმელს ინახავთ. იგივე ფუნქცია აქვს პროგრამირებაში მასივს – ინახავს სხვადასხვა მონაცემს. მასივს ერთი სახელი აქვს და მასში შენახული ყველა მონაცემის „გამოძახება“ ამ ერთი სახელით არის შესაძლებელი. მასივების შექმნა ძალიან ჰგავს, მაგალითად, სასკოლო ჩანთის ჩალაგებას ან სათამაშოების ერთ ყუთში შეგროვებას. მასივების „გამოძახება“ კი იგივეა, რაც მეცადინეობის წინ თხოვნა „ჩანთა მოიტანე“ ან თამაშისთვის მომზადებისას – „სათამაშოების ყუთი მოვიტანოთ“.

მასივი ჰგავს ცვლადს, თუმცა, ცვლადი მხოლოდ ერთ მნიშვნელობას ინახავს (მოსწავლის სახელი: ბარბარე), მასივს კი ბევრი მნიშვნელობის შენახვა შეუძლია (მოსწავლეების სია: ბარბარე, თორნიკე, ნიკოლოზი, ნინო, მარიამი …)

მასივების მოდულის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • თავისი სიტყვებით განმარტონ რისთვის გამოიყენება კოდის წერისას მასივები, Რატომ არის საჭირო და მოხერხებული მათი გამოყენება;
  • დაასახელონ, რა არის რეალურ ცხოვრებაში მასივების ანალოგები;
  • გამოიყენონ მასივებთან დაკავშირებული ოპერაციები საგნების დასამატებლად და დასალაგებლად
  • აღწერონ მასივების ინდექსები და ელემენტები ბლოკებით პროგრამირების გარემოში
  • შექმნან მარტივი ალგორითმები საგნების დასახარისხებლად (მაგ., ანბანის მიხედვით, ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით და ა.შ.)
  • შექმნან შემოქმედებითი, მათი მოფიქრებული პროექტი, რომლისთვისაც მასივებს გამოიყენებენ

მოდულის პირველი გაკვეთილი დიდწილად კონცეფციის გააზრებას და მასივების ძირითადი თვისებების განხილვას ეთმობა. ვსწავლობთ, რას ნიშნავს მასივი და რისთვის გვჭირდება პროგრამირებისას, ასევე, რა არის მასივის ინდექსი და ელემენტი, და როგორ შეგვიძლია მასივების დახარისხება.

მოსწავლეებთან ვთანხმდებით ძირითად ტერმინოლოგიაზე, რომელსაც მასივებთან მიმართებაში გამოვიყენებთ:

  1. მასივის სიგრძე: კოლექციაში ნივთების საერთო რაოდენობა
    დახარისხება: ის კრიტერიუმი, რითიც ვახარისხებთ ჩვენ ნივთებს (მაგ.: ფერი, ზომა, ფასი, დრო, სახელი და ა.შ.)
  2. ინდექსი: ნივთის უნიკალური მისამართი კოლექციაში (მაგ.: გვერდის ნომერი, თარო, უჯრა და ა.შ.)
  3. ტიპი: კოლექციაში შენახული ნივთების ტიპი (მაგ.: პოტერიადის წიგნები, კომიქსები, მონეტები, პოკემონები, კევის ბარათები და ა.შ.)
მასივები პროგრამირება

პრაქტიკული აქტივობის დროს ვქმნით ზოოპარკს. წინა პროექტესგან განსხვავებით, ამჯერად ორბრძანებიან კოდის ვიყენებთ:

  1. ბრძანება „Pen“ (ანუ ბაკი) – თავდაპირველად ამ ბრძანებით მშენებელი შემოსაზღვრავს ჩვენ გარშემო მდებარე არეს, რომ ცხოველები არ გაგვექცნენ.
  2. ბრძანება „Zoo“ (ანუ ზოოპარკი) – ამ ბრძანებით კოდინგის გარემო ჩამოუვლის მასივს და ჩვენ აშენებულ ბაკში გააჩენს ორ-ორ ერთი და იგივე სახეობის ცხოველს.

მომდევნო გაკვეთილს მასივებით პრაქტიკულ პროგრამირებას ვუთმობთ და მათი გამოყენებით ტელეპორტირებას ვსწავლობთ.